
ევროკავშირში ექსპორტი 10.7%–ით შემცირდა, დსთ–ის ქვეყნებში – 45.7%–ით გაიზარდა
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 118.2 მლნ აშშ დოლარის ექსპორტიგანხორციელდა, რაც 10.7%–ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.4%–ს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ კი 304.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (4.5%–ით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 24.6% შეადგინა.
სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 422.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.3%–ით ნაკლებია, რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-თებერვალში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 25.5%–ია.
განსხვავებული მონაცემებია დსთ–ის ქვეყნებთან. 2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 254.8 მლნ აშშ დოლარის საქონელი, რაც 45.7%–ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50.4% პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 372.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (14.4%–ით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 30.2%–ია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 627.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.8%–ით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 16.2% იყო.
წყარო: http://www.bm.ge/ka/article/evrokavshirshi-eqsporti-107it-shemcirda-dstis-qveynebshi–457it-gaizarda-/31298/