მიხეილ ხიდურელი: საქართველოში შესაძლოა Mitsubishi-ს და Toshiba-ს ცენტრები გაიხსნას

მიხეილ ხიდურელი: საქართველოში შესაძლოა Mitsubishi-ს და Toshiba-ს ცენტრები გაიხსნას

საქართველოს პოტენციალით შესაძლოა ისეთი მსხვილი კომპანიები დაინტერესდნენ, როგორიცაა Mitsubishi და Toshiba – ამის შესახებ განცხადება „საქმიანი დილის“ ეთერში სააგენტოს – „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელმა გააკეთა.

მიხეილ ხიდურელის თქმით, ბაზრის მოკვლევაზე მუშაობის დაწყებას Mitsubishi უახლოეს მომავალში აპირებს, დადებითი პასუხის შეთხვევაში კი, შესაძლოა საქართველოში ლოჯისტიკური ცენტრები შეიქმნას.

„იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გვქონდა მსხვილ ენერგოკომპანია TEPCO-სთან, რომელიც საქართველოში შემოსვლით დაინტერესებულია. ასევე შევხვდვით Mitsubishi-ს და Toshiba-ს წარმომადგენლებს. მათი საქართველოში შემოსვლა საინტერესოა როგორც – წარმოების, ასევე ლოჯისტიკური ცენტრების შექმნის კუთხთაც. შევთანხმდით, რომ Mitsubishi მოკვლევას დაიწყებს ჩვენს ბაზარზე და რამდენიმე თვეში დაგვიბრუნდება პასუხით. ისინი უყურებენ ადგილობრივ ბაზარს და მის სიდიდეს, საქართველო ამ მხრივ პატარაა, თუმცა ჩვენ აქ წარმოებით იაპონიას წვდომას 2.3 მილიარდიან ბაზარზე ვუხსნით. ეს კომპანიები გეგმავენ გაფართოებას და თანაც ჩვენს რეგიონში მსგავსი ცენტრი არ არსებობს, ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორ დროს ჩამოვედით იმისთვის, რომ საქართველო მათ რუკაზე გაჩნდეს. იმ კომპანიებს რომლებსაც ვხვდებით, ვაცნობთ საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივებს, რომელიც საერთაშორისო დიდი კორპორაციებისთვის გულისხმობს გადასახადებისგან გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუკი ისინი წარმომადგენლობას გახსნიან ჩვენს ქვეყანაში და სერვის რეგიონის ქვეყნებს მიაწვდიან. ეს ხელშეწყობის მექანიზმი იაპონიისთვის საკმაოდ საინტერესოა“, – განაცხადა ხიდურელმა.

საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმი ტოკიოში იმართება; მასში საქართველოს საინვეტიციო პოტენციალით დაინტერესებული 150-მდე იაპონური კომპანიიის წარმომადგენელი მონაწილეობს. ტოკიოში 20-ზე მეტი ქართული კომპანიის წარმომადგენელი იმყოფება.

წყარო: http://www.bm.ge/ka/article/vicepremieri-panasonic-tavis-regionul-centrs-saqartveloshi-ganatavsebs/31255/