
“ქართლის ქარის ელექტროსადგურის” გასხვისება მაისში იგეგმება
“ქართლის ქარის ელექტროსადგურის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თორნიკე ყაზარაშვილის განცხადებით, ქარის სადგურის საბაზრო ღირებულების დადგენა დასრულდა, თუმცა ფასის გამხელა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.
როგორც BM.GE–ს თორნიკე ყაზარაშვილმა განუცხადა, ობიექტის გასხვისებამდე გარკვეული პროცედურებია დარჩენილი.
“გასხვისებამდე რაღაც პროცედურები უნდა გავიაროთ EBRD–თან ერთად და ახლა ამ პროცესში ვართ. რა ფორმით გასხვისდება – აუქციონის წესით, თუ აქციები გამოვა ბირჟაზე, ამის შესახებ ახლა ვყალიბდებით. ეს ყველაფერი EBRD–თან ერთად უნდა გაიწეროს, რაც ალბათ, მაისში დასრულდება და გამოვიტანთ გასაყიდად”, – განაცხადა თორნიკე ყაზარაშვილმა.
“ქართლის ქარის ელექტროსადგური” აუდიტორული კომპანია BDO–მ შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე გაყიდვა 2017 წელს დაანონსა და მოქალაქეებს მათი შეძენა შესთავაზა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს იქნებოდა პრივატიზაციის ერთგვარი ფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად წაახალისებდა ქართულ საფონდო ბირჟას.
ქარის ელექტროსადგურის აქციების ბირჟაზე განთავსებისთვის საბროკერო კომპანია რამდენიმე თვე, ტენდერის მეშვეობით ირჩეოდა, თუმცა ბოლოს ტენდერი, რომელშიც ორი კომპანია – “თიბისი კაპიტალი” და Galt&Taggart მონაწილეობდა, 2018 წლის ზაფხულში შეწყდა.
წყარო: http://www.bm.ge/ka/article/quotqartlis-qaris-eleqtrosadgurisquot-gasxviseba-maisshi-igegmeba-/30607/