
ანაკლიის პორტი საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტი გახდება
თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, თორნიკე შურღულაია აცხადებს, რომ შავ ზღვაში ტვირთების მხოლოდ 25%-ია ათვისებული და საქართველო შანსს კარგავს, უფრო მეტად დაიტვირთოს და გახდეს სტრატეგიული სახელმწიფო. მისი თქმით, ანაკლიის პორტი უსაფრთხოების გარანტი გახდება საქართველოსთვის.
“შავ ზღვაში ტვირთების 25%-ია ათვისებული, რაშიც მათი მიღება და უზრუნველყოფა იგულისხმება. აქედან გამომდინარე, საქართელო კარგავს ძალიან დიდ შანსს რომ უფრო მეტად დაიტვირთოს როგორც სტრატეგიული სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ ვუყურებთ რატომღაც მხოლოდ მერკანტილურად.
თომას ჯეფერსონის ცენტრი უსაფრთხოების პრიზმიდან იკვლევს აღნიშნულ საკითხს. ეს არ არის მხოლოდ თავისუფალი ეკონომიკური ზონა, ლოჯისტიკური ჰაბი ან ტურისტული კლასტერი, ეს არის მშვიდობის ზონა, უსაფრთხოების ჰაბი, აკადემიური ჰაბიც შეიძლება მომავალ პერსპექტივაში, რადგან იქ არის მწვანე ქალაქზე საუბარი.
ჩვენ ვართ ნეგატიური მშვიდობის ფაზაში, ომი რომ არ არის, ეს არ ნიშნავს,
რომ მშვიდობაა. ჩვენ უნდა გადავიდეთ პოზიტიური მშვიდობის ფაზაში, აქედან
გამომდინარე უსაფრთხოებას ებმის მშვიდობა”, – განმარტავს ის.
თორნიკე
შურღულაიას განცხადებით, 40-50 წელი ისტორიისთვის ხანმოკლე დროა და
საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ამ პერიოდში საგრძნობლად გაიზრდება.
“40-50 წელი ისტორიისთვის არაფერია. ეს შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, რომ იყოს უსაფრთხო, იყოს განვითარებული, რაც ბევრ ოპონენტს არ მოსწონს. ჩვენ ვიცით, რომ როცა ჩრდილოელი მეზობელი არ არის ჩართული რაღაც პროექტში, ყოველთვის პრობლემებს ქმნის. მშვიდობა მაშინ არის უზრუნველყოფილი, როდესაც ის არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მონაწილე.
ამიტომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოების ინტერესების ჰაბი იქნება. როდესაც ოპონენტს მოუნდება აგრესიის განხორციელება, მას საქმე ექნება არამხოლოდ საქართველოსთან, არამედ ჩინეთთან, ამერიკასთნ, ევროკავშირთან და ა.შ” – განაცხადა მან.
წყარო: http://www.bm.ge/ka/article/quotanakliis-porti-saqartvelostvis-usafrtxoebis-garanti-gaxdebaquot-/29972/